Search

+
ბათუმელმა პროგრესელმა, დავით რუსიამ მკვლევართა კონკურსში გაიმარჯვა

მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის” პირველი ადგილის მფლობელი, ბათუმის სკოლა პროგრესის X კლასის მოსწავლე დავით რუსია გახდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

გრანპრის მფლობელები კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები: დემეტრე საზონოვი, სანდრო ლორთქიფანიძე და ლიზა სორდია გახდნენ პროექტით „სმარტ კოსტუმი NBSG – Nitinol Based Smart Gauntlets“. ახალგაზრდები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.

I ადგილი წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის X კლასის მოსწავლეებმა: საბა ხაბურზანიამ, ანი ესართიამ და დავით რუსიამ დაიკავეს პროექტით „თერმული წყლები“.

II ადგილის მფლობელები ქუთაისის N4 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები ნიკა ყუფარაძე და მარიამ პერანიძე გახდნენ პროექტით: „YourDriveIO“.

III ადგილი კი სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის XI კლასის მოსწავლეებმა გიორგი ფაჯიშვილმა, ბარბარე კობახიძემ და ირაკლი რაზმაძემ მოიპოვეს პროექტით „ინფრაწითელი დიაპაზონის ოვოსკოპი“. პირველ ადგილზე გასული ავტორთა ჯგუფი დაჯილდოვდა 5000 ლარის, მეორე ადგილზე გასული – 3000 ლარის, ხოლო მესამე ადგილზე – 2000 ლარის ოდენობით.