2022-2023 სასწავლო წლის შეჯამება
2022-2023 სასწავლო წელი ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია როგორც აკადემიური, ასევე, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით.
პროგრესისთვის 2022-2023 სასწავლო წელი ორმაგად მნიშვნელოვანი თარიღი იყო - სკოლამ დაარსებიდან 20 წელი აითვალა და მრავალწლიანი პროგრესული ისტორიის წარმატება ბათუმში, ამერიკული სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე ახალი კამპუსის, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო აკადემია პროგრესის გახსნით აღნიშნა, სადაც კურსადამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიალი სამივე სკოლის 80-მა მოსწავლემ (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ერთად იზეიმა.
რა თქმა უნდა, როდესაც განვიხილავთ გასულ წელს არ შეიძლება არ აღინიშნოს ჩვენი სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, ადმინისტრაციის, მშობლებისა და ზოგადად მხარდამჭერების ერთობლივი ძალისხმევა, რის გარეშეც რთული იქნებოდა მრავალფეროვანი, შემოქმედებითი და საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნა.
სწორედ ერთობლივი შრომით 2022 -2023 წლის სასწავლო პროცესი მიმდინარებდა უწყვეტად, მუდმივად განახლების და გაუმჯობესების რეჟიმში - თანამედროვე ტექნოლოგიების, მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების, პროექტული სწავლების, ფუნქცია-მოვალეობების სწორი დელეგირებისა და პროცესების ეფექტიანი მართვით.
2022-2023 წლებში ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი საერთაშორისო სკოლების ქსელი ISN-ის, საერთაშორისო მწვანე სკოლების საზოგადოების (IGSS) და Global School Alliance - ს წევრი გახდა.
სკოლაში წარმატებით განხორციელდა AP Capstone სადიპლომო პროგრამა და აქტიურად მიმდინარეობდა AP საგნების (AP კალკულუსი, AP ისტორია, AP ფიზიკა, AP ქიმია, AP მიკროეკონომიკა) მოსამზადებელი კურსი, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს საშუალებას აძლევს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე გაიარონ პირველი და მეორე სემესტრის მასალა, დააგროვონ კრედიტები საგნების მიხედვით, ჩააბარონ გამოცდები და მიიღონ CollageBoard სერტიფიკატი, რომელიც უმაღლესში ჩაბარებისა და სწავლის გაგრძელების შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება.
სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა ამერიკის შეერთებული შტატების College Board -ის პროგრამების ავტორიზაციის ფარგლებში SAT (Scholastic Assessment Test ) General, PSAT, SAT subjects, IBT-TOEFL/ IELTS გამოცდები მაღალ შედეგებზე ჩააბარეს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ უნივერსიტეტებთან (AlterBridge, British University in Georgia) და საჯარო სკოლებთან (ქალაქ თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, ქალაქ თბილისის ილ.ჭავჭავაძის სახელობის N23 საჯარო სკოლა), რაც გვაძლევს შესაძლებლობას ერთობლივი ძალებით განვახორციელოთ მრავალფეროვანი პროექტები.
ხაზგასასმელია, რომ ჩვენი სკოლა გოეთეს ინსტიტუტთან 10 წელზე მეტია პარტნიორობს, რაც “გერმანული ენის საერთაშორისო გამოცდებისთვის” მომზადებას ისახავს მიზნად. სწორედ გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდიანტია ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ფილიალის დირექტორი, რომელიც საერთაშორისო პროგრამაზე, გერმანიაში აგრძელებს სწავლას.
ასევე, ჩვენი ერთ-ერთი ინგლისური ენის პედაგოგის ინიცირებით აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ ამერიკულ მუზეუმთან, Crystal Bridges Museum, რომელიც ცნობილია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ტურებით აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ. თანამშრომლობის მთავარი მიზანი ხელოვნების ინტეგრირებაა სხვადასხვა საგნებში, რაც მოიცავს მხატვრული აქტივობების, კონცეფციების და შემოქმედებითი აზროვნების სხვადასხვა აკადემიურ დისციპლინებში ჩართვას. სიამაყით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ჩვენი ვიყავით პირველები ვინც Crystal Bridges Museu-თან დაიწყო თანამშრომლობა, განახორციელა და მომავალშიც გეგმავს არაერთ საინტერესო და შემეცნებით პროექტს.
2023 წელს პარტნიორებთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი, ფართომასშტაბიანი პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ. ერთ-ერთი გამორჩეული და აღსანიშნავია ესეების კონკურსი “ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი”, რომელიც ამერიკის საელჩოსთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განვახორციელეთ. კონკურსი ქართულ და ინგლისურ ენაზე მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, რომელიც მიზნად საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციას ისახავდა.
სწორედ ესეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალის აღსანიშნავად სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გავმართეთ ღონისძიება, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, ჩვენი მთავარი პარტნიორი, კომპანია “ანაგი”-ს დამფუძნებელი და პროგრესის არაერთი გულშემატკივარი ესწრებოდა.
ესეების კონკურსის პირველი ადგილის მფლობელს გადაეცა ამერიკის შეერთებული შტატების საგზური გაეროს კონფერენციაზე „CHANGE THE WORLD - MODEL UN CONFERENCE”, ხოლო მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს - American High School (AP) პროგრამის კურსზე 100% და 50%-იანი დაფინანსება.
ესეების კონკურსის დაჯილდოების ცერემონიალზე “პროგრესის უმაღლესი ჯილდო” პროგრესული და განათლებული ადამიანური კაპიტალის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ანაგი დეველოპმენტს, ”ანაგი განათლებას” და მის დამფუძნებელს ზაზა გოგოტიშვილს, რომელიც სკოლა პროგრესთან ერთად ზრუნავს განათლებული და პროგრესულად მოაზროვნე სოციუმის ჩამოყალიბებაში.
ასევე, ჩვენი არაერთი პროექტის მხარდამჭერს და პარტნიორს აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს გადავეცით “პროგრესის უმაღლესი ჯილდო” - საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების განვითარებასა და განათლებაში შეტანილი წვლილისთვის.
ოფიციალურად ჩამოვაყალიბეთ “კურსდამთავრებულთა ასოციაცია”, რომლის მიზანია პროგრესის წარმატებულ კურსდამთავრებულებს, მასწავლებლესა და ადმინისტრაციას შორის მჭიდრო და სათანადო კავშირების ჩამოყალიბება, სხვადასხვა აქტივობებში ერთობლივად ჩართვა და კურსდამთავრებულთა პროფესიული/კარიერული ზრდა.
გარდა ამისა, ამერიკული გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასოციაციასთან ოფიციალური პარტნიორობით, ჩვენი სკოლის ბაზაზე დაფუძნდა “ქართულ-ამერიკული გაეროს მოდელირების საზოგადოება“, რომელიც სკოლის მოსწავლეებს მისცემს შესაძლებლობას ჩაერთონ გაეროს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, 2024 წლის მარტში, პროგრესის დელეგაცია პირველად გაემგზავრება ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს 5000-მდე ახალგაზრდა ლიდერთან ერთად.
პროგრესი წლებია მოსწავლეებისთვის ქმნის შესაძლებლობებს მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო კონფერენციებში.
- 2022-2023 სასწავლო წელს 20-მა მოსწავლემ ისარგებლა ბრაიტონის სკოლის საზაფხულო პროგრამით, რომელიც ბრიტანეთში სწავლის, ცხოვრების, ინგლისური ენის პრაქტიკისა და ახალი გამოცდილების უნიკალური შანსია;
- 10 მოსწავლე გაემგზავრა რომში (იტალია) "Change the World Model United Nations Rome 2023 (CWMUN)" საერთაშორისო კონფერენციაზე;
- წარმატებით განხორციელდა გაცვლითი პროგრამები ამერიკისა და ევროპის პარტნიორ სკოლებთან: Bad Oyenhausen Schule, Peter-weiss Gesamtschule, Unna.Poznan.Torun, Brighton school;
- NASA-ში გაემგზავრა ჩვენი ორი მოსწავლე, რომლებმაც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2022-ში გაიმარჯვეს და შექმნეს პროექტი "რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა".
სკოლაში უდიდესი ყურადღება ეთმობა არაფორმალურ სწავლებასა და კლუბურ აქტივობებს. აქტიურად აგრძელებენ ფუნქციონირებას: წიგნიერების კლუბი (VII-XII კლასები); ინტელექტუალური კლუბი „რა? სად? როდის?“ (III-XI კლასები); დებატ კლუბი (VII-XII კლასები); ბიზნეს კლუბი (VII-XII კლასები); STEM კლუბი (VII-XII კლასები); ეკო კლუბი (III-XI კლასები); გაეროს მოდელირების კლუბი; რობოტექნიკის კლუბი( V-XIIკლასები); წიგნიერება - VII-IX კლასი; English Speaking CLUB – V-IX; სამაგიდო თამაშების კლუბი - V-VII კლასი; მოლაშქრეთა კლუბი - VII-XI კლასი; კინო კლუბი - VII-XII კლასი.
სასწავლო პროცესი სავსეა სიმულაციებით, როლური თამაშებით, კვლევებით, ვიზიტებით, ქეისებზე დაფუძნებული სწავლებით. სწორედ ეს უწყობს ხელს ჩვენ მოსწავლეებს ქვემოთ ჩამოთვლილ და სხვა მრავალ კონკურსში წარმატებით მონაწილეობასა და გამარჯვებებში. ჩვენმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს:
- კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროექტში „კინო სკოლა“;
- ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში, სადაც ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ და NASA-ში გაემგზავრნენ;
- Junior Achievement Georgia-ს მიერ ორგანიზებული “სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2023-ში”;
- ბერლინის საერთაშორისო სკოლის მიერ გამართულ მათემატიკის, ინგლისურის, გერმანულის, რუსულის ოლიმპიადებში;
- ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსზე : საქართველო ევროპის რუკაზე, სადაც ჩვენმა მოსწავლეებმა გაიმარჯვეს.
- სამეწარმეო განათლების ფესტივალი 2023 - ში ჩვენი მოსწავლეების მიერ დაკომპლექტებული გუნდი ტოპ ხუთეულში მოხვდა.
აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა შემეცნებითი, გასართობი და საქველმოქმედო აქტივობები, რომელიც მრავალფეროვანს და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს:
- შიდა სასკოლო კონფერენციები, გაეროს მოდელირებული კონფერენციები;
- შემეცნებითი ვიქტორინები;
- სტრატეგიული სამაგიდო თამაშები;
- ელჩებისა და სხვადასხვა კომპანიების ვიზიტები;
- საქველმოქმედო აქციები (ბოლო აქციაზე შეგროვებული თანხა უკრაინის ქალაქ დნიპროს დასახმარებლად გადაირიცხა).
ჩვენი ვზრუნავთ როგორც მოსწავლეთა, ასევე, მასწავლებელთა განვითარებაზე, რისთვისაც ჩამოვაყალიბეთ მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა-გახდი პროგრესის მასწავლებელი, დავნერგეთ “360 გრადუსიანი შეფასების” მოდელი, რომელიც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ უკუკავშირი ერთდროულად ყველა იმ ადამიანისაგან, ვინც მათ გარშემო მუშაობს – უშუალო ხელმძღვანელისგან, კოლეგებისგან და დაქვემდებარებულებისგან.
თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრესის სკოლაში შექმნილია ინკლუზიური, დინამიური და პოზიტიური გარემო, სადაც თითოეულ მოსწავლესა თუ იქ დასაქმებულ პირს ინტელექტუალური, პიროვნული, ემოციური და სოციალური ზრდის შესაძლებლობა აქვს.
როდესაც ვაჯამებდით გასულ სასწავლო წელს, კიდევ ერთხელ გავიაზრეთ და გავაცნობიერეთ, რომ თითოეულმა გამოწვევამ, ყოველმა წარმატებამ რომელიც ერთობლივად, სიხარულით აღვნიშნეთ, ყველა საგაკვეთილო თუ არაფორმალურმა აქტივობამ წვლილი შეიტანა ჩვენი სკოლის საზოგადოების ერთიან და ენერგიულ ოჯახად ჩამოყალიბებაში.
ოპტიმიზმით, მადლიერებით და მღელვარებით დავემშვიდობეთ გასულ წელს და უფრო მეტი შემართებით ვემზადებით ახალი, მრავალფეროვანი სასწავლო წლის დასაწყებად.
ჩვენ გვჯერა, რომ ბედნიერი ბავშვობა განაპირობებს წარმატებულ მომავალს.